ბუასილი - გამომწვევი მიზეზები და მკუნალობა

ბუასილი - გამომწვევი მიზეზები და მკუნალობა
ბუასილი - გამომწვევი მიზეზები და მკუნალობა

ბუასილი - ანუ ჰემოროიდული დაავადება ხასიათდება სწორი ნაწლავის შეშუპებითა და ხშირად ანთებითაც. 

ბუასილი შესაძლოა იყოს, როგორც შიდა, ისე გარე. გარეგანი ბუასილი წარმოიქმნება ანუსის გარშემო, შინაგანი კი სწორი ნაწლავის შიგნით. 

ამ მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, ქავილი, სისხლდენა და ფიზიკური დისკომფორტი. 

 

ბუასილის გამომწვევი მიზეზები

ჰემოროიდული დაავადება როგორც სრულიად დამოუკიდებლად, ისე სხვა დაავადებების პარალელურადაც ვითარდება. ბუასილი შესაძლოა გამოიწვიოს რამდენიმე ფაქტორმა: 

  • ქრონიკული ყაბზობა ან დიარეა  - ნაწლავის დაურეგულირებელი მოქმედება მთავარი განმაპირობებელია ჰემოროიდული დაავადების. 
  • ორსულობა და მშობიარობა - ორსულობის დროს მენჯის სისხლძარღვებზე გაზრდილი წნევა და ჰორმონალური ცვლილებები ხელს უწყობს ბუასილის განვითარებას. 
  • არასწორი კვება - სითხეებისა და ბოჭკოვანი საკვების შეზღუდული რაოდენობით მიღება პირდაპირ განაპირობებს ჰემოროიდების წარმოქმნას. ბუასილის თავიდან ასაცილებლად სასურველია ხშირად მიიღოთ წვნიანები, მარცვლეული და ხილ-ბოსტნეული. 
  • ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა, ხშირი ჯდომა - ხანგრძლივი დროით ჯდომა სისხლის მიმოქცევას აფერხებს სწორი ნაწლავის მიდამოში, ეს კი, თავის მხრივ, ხშირად არის ჰემოროიდების წარმოქმნის მიზეზი. 
  • ჭარბი წონა - სხეულის მძიმე მასა დამატებით ზეწოლას ახდენს სწორი ნაწლავის მიდამოზე, რაც ზრდის დაავადების გაჩენის ალბათობას. 
  • სიმძიმეების აწევა - ხშირი ვარჯიში სიმძიმეებით მუცელშიდა წნევას ზრდის, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს როგორც თიაქარი, ისე ბუასილი. 
  • უხეში ანალური სექსი - აგრესიული ანალური პენეტრაცია აღიზიანებს ანუსს, რაც შესაძლოა ხელის შემწყობი ფაქტორი გახდეს დაავადების გაჩენის. 
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა - ისევე, როგორც ყველა სხვა ტიპის დაავადების, ბუასილის წარმოქმნაც დიდწილად არის დამოკიდებული პაციენტის გენეტიკაზე. ზოგიერთი ადამიანი გენეტიკურად არის მიდრეკილი დაავადების განვითარებისკენ. 
  • ასაკის მატება და ხანდაზმულობა - დაბერების ბუნებრივი პროცესი იწვევს შემაერთებელი ქსოვილების შესუსტებას სწორი ნაწლავის მიდამოში, რაც ასაკოვან ადამიანებს ჰემოროიდების განვითარების მიმართ უფრო მოწყვლადებს ხდის.  

 

ბუასილის სიმპტომები

ბუასილი შეგვიძლია ამოვიცნოთ შემდეგი ჩივილებით: 

  • სისხლდენა დეფეკაციის დროს ან მის შემდეგ - ბუასილი არის შეშუპებული სისხლძარღვები სწორი ნაწლავის მიდამოში. როცა ანუსის არეში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ხშირია სისხლდენა. ეს სისხლდენა ხშირად უმტკივნეულოა მისი შემჩნევა ხშირად ტუალეტის ქაღალდზეა შესაძლებელი. 
  • გარეგანი კვანძების გაჩენა - გარეგანი კვანძები ხელითაც ისინჯება. ისინი ხშირად მეწამული ან მოლურჯო ფერისაა.
  • ლორწოვანი გამონადენი - ბუასილი ხშირად ჭარბ გამონადენსაც იწვევს, რამაც შესაძლოა შეაშფოთოს არაერთი პაციენტი. 
  • ქავილი ანუსის არეში - ბუასილი იწვევს ქავილსა და გაღიზიანებას ანუსის მიდამოში. ქავილი ძირითადად გამოწვეულია ანუსის გარშემო მგრძნობიარე კანის გაღიზიანებით, რომელსაც, თავის მხრივ, სისხლძარღვების შეშუპება და ლორწოვანი გამონადენი იწვევს. 
  • დეფეკაციის შემდგომ ისეთი შეგრძნება, თითქოს ნაწლავი სრულად არ დაცლილა - ბუასილმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება დეფეკაციის შემდეგ. ამ შეგრძნებას შეშუპებული ჰემოროიდი იწვევს, რომელიც კუჭის მოქმედების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. 
  • წვა და ზოგადი დისკომფორტი ჯდომისას - წვის შეგრძნება ხშირად ხანგრძლივი ჯდომისას დროს ჩნდება. შეშუპებული გარე კვანძები მგრძნობიარე და მტკივნეულია, რაც ჯდომას არასასიამოვნო ხდის. 

 

რისკ ჯგუფები 

არსებობს ადამიანთა კონკრეტული კატეგორია, რომლებსაც მეტი შანსია, რომ ბუასილი განუვითარდეთ. ეს ჯგუფებია:

  • ფიზიკურად არააქტიური ადამიანები, რომლებსაც ხშირად უწევთ ჯდომა
  • ორსულები 
  • ხანდაზმულები
  • ქრონიკული ყაბზობისა და ფაღარათის მქონე ადამიანები. 

 

დიაგნოსტიკა

ბუასილის დიაგნოსტირება პროქტოლოგის პასუხისმგებლობაა. ის თავდაპირველ გასინჯვას გარეგანი დათვალიერებითა და მცირე ანალური პენეტრაციით ახორციელებს. 

ექიმი ამოწმებს როგორც გარეგან, ისე შინაგან ჰემოროიდებსა და პაპილომებს. ის ასევე აკვირდება კანს, რომელზეც შესაძლოა გაღიზიანება არსებობდეს და ამის შემდეგ ნიშნავს შესაბამის მკურნალობას. 

 

ბუასილი და მისი მკურნალობა

პროქტოლოგები მკურნალობის მეთოდს დაავადების სტადიის გათვალისწინებით არჩევენ, დაავადების საწყის ეტაპზე ჰემოროიდს მალამოებით, სანთლებით, აბაზანებითა და მედიკამენტებით მკურნალობენ, პრობლემის გართულების შემთხვევაში კი საჭირო ხდება ინვაზიური მეთოდების გამოყენება. 

ასეთ დროს ექიმები რამდენიმე ტიპის პროცედურას იყენებენ: 

ლიგირება რეზინით - ეს პროცედურა გულისხმობს რეზინის ზოლის დადებას ბუასილის ძირის გარშემო, რათა შეწყვიტოს მისი სისხლით მომარაგება, რაც იწვევს მის ზომაში შემცირებას. 

სკლეროთერაპია - ჰემოროიდში შეჰყავთ ქიმიური ხსნარი, რათა მოხდეს ქსოვილის შეკუმშვა. 

ინფრაწითელი კოაგულაცია (IRC) - სითბოს წყარო გამოიყენება ბუასილის ქსოვილის შესამცირებლად.

ჰემოროიდექტომია - ჰემოროიდების ქირურგიული გზით მოცილება მაშინ ხდება საჭირო, როცა მკურნალობის ყველა სხვა მეთოდი არაეფექტურია. 

 

შესაძლო გართულებები

ბუასილის მკურნალობის დიდი დროით გადადებამ შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი გართულებები: 

 

  • ანემია - ანემიური მდგომარეობა ხასიათდება სისხლის წითელი უჯრედების დეფიციტით ან ჰემოგლობინის ნაკლებობით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ჟანგბადის გადატანის უნარის დაქვეითება. ხანგრძლივმა და ხშირმა სისხლდენამ ბუასილიდან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული სისხლის დაკარგვა. დროთა განმავლობაში სისხლის ქრონიკული კარგვა ხელს უწყობს ანემიის განვითარებას. ანემიამ კი, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სისუსტე, კანის გაფერმკრთალება, ქოშინი და თავბრუსხვევა. ბუასილის დროული მკურნალობა ხელს უწყობს სისხლის გადაჭარბებული დაკარგვისა და ანემიის რისკის თავიდან აცილებას.
  • სისხლის შედედების პრობლემა გარე ჰემოროიდებში (თრომბოზი) - თრომბოზირებული ბუასილი იწვევს ძლიერ ტკივილსა და შეშუპებას. მკურნალობის დაგვიანება კი დისკომფორტს კიდევ უფრო აძლიერებს. 
  • სხვადასხვა ინფექციები - ჰემოროიდების რეგულარული წმენდა და დამუშავება მისი ინფექციებისგან დაცვის საუკეთესო გზაა. ანუსში ხშირად გროვდება ბაქტერიები, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ჩირქის დაგროვება ანუსის გარშემო ან სეფსისი (მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია). ინფექციები იწვევს დამატებით გართულებებს, რომლებიც საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. 

 

დიეტა ბუასილის პრევენციისთვის

ბუასილთან საბრძოლველად საუკეთესო საკვებია:

  • ლობიო, ოსპი და მუხუდო
  • წიწიბურა, კინოა, ყავისფერი ბრინჯი და შვრია
  • ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, სტანდარტული კომბოსტო და ბოლოკი
  • ტკბილი კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო
  • სხვადასხვა ტიპის ბულგარული წიწაკა, ნიახური და კიტრი
  • მსხალი, ვაშლი, მოცვი, ბანანი

 

მოერიდეთ შემდეგ პროდუქტებს: 

  • თეთრი ფქვილისგან წარმოებულ ცომეულს
  • მარილიან და შემწვარ საკვებს
  • რძის პროდუქტებს
  • გადამუშავებულ ხორცს
  • ცხარე საკვებს
  • კოფეინს
  • ალკოჰოლს

 

ბუასილი ბავშვებში

გასტროენტეროლოგიური პრობლემები ბავშვებში საკმაოდ ხშირია, სწორედ ამიტომ დიდი რისკია ბავშვებში ბუასილის განვითარების. 

ბავშვებში ჰემოროიდების გაჩენას ძირითადად ქრონიკული შეკრულობა და დიარეა, უნიტაზზე ან ღამის ქოთანზე დიდხანს ჯდომა და არასწორი კვების რეჟიმი იწვევს. 

 

იმისთვის, რომ ბავშვებში დაავადების პრევენცია წარმატებით შევძლოთ, მნიშვნელოვანია ბავშვის კვების რაციონი დავტვირთოთ წვნიანი საკვებით, წავახალისოთ ფიზიკური აქტივობა და მკაცრად ვაკონტროლოთ ბავშვის უნიტაზზე ჯდომის დრო. 

 

როდის მივმართოთ ექიმს?

ექიმთან მიმართვა რეკომენდებულია მაშინ, როცა კვანძები ხელით ისინჯება, დეფეკაცია ხდება მტკივნეული, ამჩნევთ სისხლს ფეკალურ მასაში  და გრძნობთ ტკივილს, წვას და ქავილს ანუსის არეში. 

თუ გაქვთ რაიმე ტიპის კუჭ-ნაწლავის დაავადება, სასურველია პროქტოლოგის პარალელურად ექიმთან შეთანხმებით გასტროენტეროლოგის კონსულტაცია განიხილოთ, რათა დაავადების მკურნალობამ ეფექტურად ჩაიაროს. 

სხვა სტატიები