ანაფილაქსია

ანაფილაქსია

  ანაფილაქსია არის მწვავე, სისტემური და უცაბედი ალერგიული რეაქცია. რომელიც ხშირად სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომებით ვლინდება. სიკვდილის მიზეზს სასუნთქი სისტემის ობსტრუქცია და კარდიოვასკულარული კოლაფსი წარმოადგენს. რაც უფრო სწრაფად ვითარდება რეაქცია, მით უფრო მძიმეა მისი საბოლოო შედეგი. სიმპტომები უმეტესად რამდენიმე წუთში ჩნდება, იშვიათად შესაძლებელია ერთი საათის დაგვიანებით წარმოიქმნას.

 

  ადამიანებში, რომლებსაც აქვთ ალერგიული დაავადებები: ასთმა, დერმატიტი, კვებითი ალერგია ან გენეტიკური წინასწარგანწყობა ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების ალბათობა გაცილებით მაღალია.

 

  ყველაზე ხშირად ანაფილაქსია საკვებისმიერი ალერგენების მიღებით არის განპირობებული, შედარებით მცირე შემთხვევებში იწვევს მედიკამენტების მიღება ან მწერების ნაკბენი. ხანდახან რეაქციის გამომწვევი მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ივლისის და აგვისტოს პერიოდი გამორჩეულია რადგან ამ დროს გახშირებულია რეაქციები მწერების ნაკბენზე და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია.

 

  ანაფილაქსია დაუყოვნებლივ მკურნალობას საჭიროებს. სიმპტომების ალაგების შემდეგაც აუცილებელია ავადმყოფზე დაკვირვება, რადგან არსებობს მეორე ფაზის განვითარების საფრთხე. განმეორებითი რეაქცია უფრო მძიმედ შეიძლება წარიმართოს. 

 

  პრევენციის მიზნით საჭიროა დადგინდეს რა მიზეზით ხდება რეაქციის გამოწვევა. შესაძლებელია ალერგიული სინჯების გაკეთება. კვებითი ან მედიკამენტოზური ალერგიის დროს უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ ალერგიის უშუალო მიზეზი, არამედ ჯვარედინი რეაქციის გამომწვევი ალერგენებიც. თუ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში არ ექნება კონტაქტი ალერგენთან, შესაძლოა მის მიმართ მგრძნობელობა დაქვეითდეს ან გაქრეს.