ყაბზობა

ყაბზობა

ყაბზობა ნიშნავს შეკრულობას, განავლის ნაწლავებში ხანგრძლივ დაყოვნებას, გაძნელებულ ან არასრულ დეფეკაციას.

ჯანმრთელი ადამიანისთვის დღე-ღამეში 1-2-ჯერ სიხშირით კუჭის მოქმედება, ნორმად ითვლება (თუ არ ახლავს ჭინთვის და ნაწლავის არასრულად დაცლის შეგრძნება).  ასევე შესაძლებელია 2 დღეში ერთხელ ნაწლავების მოქმედებაც ნორმალური იყოს, რადგან ინდივიდუალური მახასიათებელია. ჩვეულებრივ შეკრულობას წარმოადგენს  3 და მეტი დღის განმავლობაში დეფეკაციის შეფერხება. ასეთ დროს ფეკალური მასები უფრო მკვრივი, ძნელად გადასაადგილებელი ხდება და რთულდება მათი გამოდევნა.

ყაბზობის სიმპტომებია:

  • ნაწლავთა შემცირებული მოქმედება - დეფეკაციებს შორის დიდი შუალედი
  • ჭინთვა და დაძაბვის მოთხოვნა ნაწლავთა მოქმედებისას
  • მტკივნეული დეფეკაცია
  • მუცლის ტკივილი და შებერვა
  • სწორი ნაწლავის არასრულად დაცლის შეგრძნება
  • მკვრივი და მცირე რაოდენობის განავალი

ბოლო პერიოდში გახშირებული ყაბზობის მაპროვოცირებელ ფაქტორად არაჯანსაღი კვება და ცხოვრების მჯდომარე წესი მიიჩნევა. გარდა ამისა შეკრულობა სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. ძირითად მიზეზს მონელების და ნაწლავის პერისტალტიკის დარღვევები წარმოადგენს. სხვა ფაქტორებიდან შეიძლება იყოს:

  • ცვლილებები ჩვეულ რაციონში. მაგ: დიეტის ან მარხვის შემდეგ
  • რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება
  • ორსულობა
  • არასაკმარისი რაოდენობის წყლის მიღება
  • ბოჭკოს შემცველი საკვების მიღება
  • კვებითი აშლილობა
  • ნაწლავთა მოქმედების მოთმენა
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • მედიკამენტების გარკვეული ჯგუფები (ტკივილგამაყუჩებლები, ანტიდეპრესანტები, რკინის პრეპარატები, კალიუმის ან ალუმინის შემცველი ანტაციდები და სხვა)
  • ნევროლოგიური დაავადებები, სტრესი.

ყაბზობის სამკურნალოდ მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, რომ მოხდეს გართულებების თავიდან არიდება. გახანგრძლივებულმა ყაბზობამ შესაძლოა გამოიწვიოს: ნაწლავის პერფორაცია, პროქტოლოგიური პრობლემები (ბუასილი), სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, ფეკალური ჩაჭედვა (მშრალი, მაგარი განავლის სწორ ნაწლავში დაგროვება).  ჩივილების და ანამნეზის საფუძველზე ექიმი ადგენს  გამოკვლევის მეთოდს, შეიძლება დაინიშნოს ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, მუცლის ღრუს ექოსკოპია და რენტგენოგრაფია ბარიუმით, კომპიუტერული დიაგნოსტიკა, კოლონოსკოპია და სხვა.

პრევენციისთვის სასურველია დამატებით 2-4 ჭიქა წყლის მიღება (თუ შეზღუდვა არ არსებობს), მეტი ხილის და ბოსტნეულის მირთმევა. სასარგებლოა შავი ქლიავი და ქატოს შემცველი პროდუქტები.