შარდკენჭოვანი დაავადებები

შარდკენჭოვანი დაავადებები
შარდკენჭოვანი დაავადებები

თირკმლის კენჭოვანი დაავადება ფართოდ გავრცელებული პრობლემაა და ავადდებიან როგორც ქალები ასევე მამაკაცები. ხშირია 40 წელს ზემოთ დაავადების შემთხვევები, თუმცა ადრეული ასაკშიც შეიძლება იჩინოს თავი და განმეორდეს პერიოდულად. 

 

თირკმლის კენჭები მკვრივი ნივთიერებაა, რომელიც შარდის დალექვის შედეგად წარმოქმნილი კრისტალებიდან იქმნება. ნორმალური შარდი შეიცავ დამცავ ნივთიერებას რომელიც კრისტალების შეწებებას აფერხებს, როცა ეს ფუნქცია მოშლილია კრისტალები ერთმანეთს ეკვრის და იღებს კენჭის ფორმას. კენჭები შეიძლება იყოს მცირე ზომის, ქვიშის მსგავსი, გახდეს მარცვლისოდენა ან გაიზარდოს მარგალიტის ზომამდე. გარდა ამისა არსებობს მარჯნისებრი კენჭი, როდესაც არის მყარი სხეული და აქვს ერთი ან მეტი განტოტება. 

 

რაც უფრო დიდია თირკმლის კენჭის ზომა მით რთულია მისი სხეულიდან ბუნებრივი გზით გამოდევნა - „დაბადება“ და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. 

 

ადამიანის ანატომიური სხვაობის გამო მამაკაცებში კენჭის „დაბადება“ ბევრად მტკივნეული პროცესია ვიდრე ქალებში. 

 

სიმპტომები რომლებიც დაავადების მანიშნებელია შეიძლება იყოს:

  • უეცარი ჭვალი, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი. მოსალოდნელია დაერთოს ღებინება
  • სისხლიანი და ამღვრეული შარდი
  • მოშარდვის ცრუ შეგრძნებები
  • გახშირებული ან გაძნელებული შარდვა
  • წვის შეგრძნება
  • მომატებული არტერიული წნევა ან ტემპერატურა.

 

დაავადება საწყის ეტაპზე უსიმპტომოა. პატარა კენჭებს არ ახლავს ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება. მხოლოდ ულტრაბგერითი კვლევით არის შესაძლებელი დადგინდეს მათი არსებობა. დიაგნოსტიკისთვის ასევე ტარდება: შარდის ანალიზი და რენტგენოლოგიური კვლევა. 

 

გასათვალისწინებელია, თუ ადამიანს ერთხელ მაინც გაუჩნდა კენჭი და მისი გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრა არ მოხდა, ის ისევ გაჩნდება. ამიტომ პაციენტს მუდმივი მეთვალყურეობა და პერიოდული გამოკვლევა სჭირდება. 

 

მკურნალობის პროცესი მოიცავს მედიკამენტოზურ თერაპიას, თირკმლის დრენირებას, სხვადასხვა არაინვაზიურ და ინვაზიურ მეთოდებს მათ შორის ღია ოპერაციას. 

 

კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია ცხოვრების სტილის შეცვლა: ფიზიკური აქტივობა, რაციონალური დაბალანსებული კვება და საჭირო რაოდენობით წყლის მიღება.