ანემია ხშირად კანის ფერმკრთალ შეფერილობასთან ასოცირდება. სინამდვილეში ეს მხოლოდ გაფითრების სინონიმი როდია. ანემია ბერძნული სიტყვაა და პირდაპირი თარგმანის შემთხვევაში სისხლნაკლებობას ან უსისხლობას ნიშნავს.
კლინიკურად ანემია სისხლში წითელი უჯრედების და/ან ჰემოგლობინის დაბალი დონით ხასიათდება. სისხლის წითელი უჯრედების ანუ ერითროციტების მთავარი ცილა ჰემოგლობინია, რომელიც ჟანგბადის გადამტან ფუნქციას ასრულებს და მას ადამიანის მთელ ორგანიზმს აწვდის. შესაბამისად, ანემია პირდაპირ უკავშირდება ჰემოგლობინის დაბალ დონეს, რაც ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობას გულისხმობს, ეს კი დაღლილობასა და სისუსტესთან ასოცირდება.
ანემიის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ ჰემოგლობინის ნაკლებობა როდია. ამ დაავადების რამდენიმე ტიპი არსებობს, რომელთაც განსხვავებული ფაქტორები განაპირობებს.
რკინადეფიციტური ანუ ვიტამინდეფიციტური ანემია, როგორც მისი სახელი გვეუბნება, ორგანიზმში რკინის ნაკლებობის შედეგად ვითარდება. ერთგვარი ჯაჭვური კავშირი არსებობს - რკინა ჰემოგლობინს წარმოქმნის, ჰემოგლობინი კი, როგორც აღინიშნა, ერითროციტების მთავარი ცილაა. გამოდის, რომ ორგანიზმში რკინის ნაკლებობა ჟანგბადის გადატანას აფერხებს და ორგანოების ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის.
მეგალობლასტური ანემია ორგანიზმში ფოლიუმის მჟავისა (ვიტამინი B9) და ვიტამინი B12 ნაკლებობის შედეგად ვითარდება. ასეთ დროს ძვლის ტვინში პათოლოგიური წითელი უჯრედები წარმოიქმნება. აღნიშნული ვიტამინების ნაკლებობა ხშირად საკვების მცირე რაოდენობით მიღებას, დაუბალანსებელ კვებას ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შეწოვის დარღვევას უკავშირდება.
ანემიის შემდეგი ტიპს აპლასტიური ეწოდება. უნდა აღნიშნოს, რომ ეს იშვიათი, სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობაა. ყალიბდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სისხლის ახალი უჯრედების გამომუშავებას წყვეტს. აპლასტიური ანემია შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერ ასაკში და ეს შეიძლება სრულიად მოულოდნელად მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ არსებობს ანემიის მემკვიდრეობითი ფორმები, მაგალითად ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. როგორც წესი, სისხლის წითელი უჯრედები მრგვალია, თუმცა ამ დაავადების მქონე ადამიანის შემთხვევაში, ეს უჯრედები ნამგალს წააგავს. ამ ფორმაცვალებას კი ჭარბი რაოდენობით გამომუშავებული ჰემოგლობინი უწყობს ხელს. მეტიც, ამ ტიპის ანემიის პირობებში სისხლის წითელი უჯრედები მყარი და წებოვანი ხდება. ნამგლისებრი ფორმის უჯრედების აღნიშნული მახასიათებლები სისხლძარღვებში მის გადაადგილებას ხელს უშლის, რაც ქსოვილებისათვის ჟანგბადის მიწოდებას აფერხებს.
ჯერ კიდევ ჰიპოკრატე, ძველი ბერძენი ექიმი, აღწერდა ანემიის ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: სიფერმკრთალე, სისუსტე და დაღლილობა, თუმცა მხოლოდ ეს როდია.
ანემიას ახასიათებს:
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიმპტომების სიმძიმე და მათი კომბინაცია შესაძლოა ანემიის გამომწვევი მიზეზების მიხედვით განსხვავდებოდეს.
ანემია საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ორსულებში, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას.
შეიძლება ითქვას, რომ ორსულობა ხელსაყრელი მდგომარეობაა ანემიის განვითარებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ ნაყოფი დედისაგან იღებს ისეთ მინერალებს, როგორებიცაა: რკინა, ფოლიუმის მჟავა თუ სხვა ვიტამინები, სრულიად შესაძლებელია, რომ ორგანიზმმა გაორმაგებულ ხარჯვას ვეღარ გაუძლოს და ვიტამინების დეფიციტის ხარჯზე ანემია განვითარდეს.
უნდა აღინიშნოს, რომ რკინადეფიციტური ანემია ორსულებში ყველაზე გავრცელებულია. ორსულობის დროს ნაყოფი ზრდისა და განვითარებისათვის მშობლის სისხლის წითელ უჯრედებს იყენებს, ეს პროცესი განსაკუთრებით აქტიურდება ბოლო 3 თვის განმავლობაში. ქალები, რომლებსაც ორგანიზმში რკინის საკმარისი შემცველობა არ აქვთ, დიდი შანსია, რომ რკინადეფიციტური ანემიით დაავადდნენ.
სათანადო რეაგირების გარეშე, ანემიამ შესაძლოა ორსული კრიტიკულ მდგომარეობამდეც კი მიიყვანოს. აღსანიშნავია, რომ ორსულობის პერიოდში ნაყოფი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდის, რაც სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობისა და ჟანგბადის ტრანსპორტირების შეფერხებითაა გამოწვეული. ამასთანავე, ანემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორებიცაა:
თუკი ორსულობის დროს ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს უჩივით, მაშინ მიმართეთ ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზურ მკურნალობასა და შესაბამის კვებით რაციონს დანიშნავს. მართალია, ანემიის დროს ძუძუთი კვება უსაფრთხოა, თუმცა დაავადებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს რძის რაოდენობა.
თავდაპირველად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანემიის მკურნალობის გზები შესაძლოა განსხვავდებოდეს გამომწვევი მიზეზებისა და მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმთან ვიზიტს, დიაგნოსტიკასა და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვას. თუმცა, გიზიარებთ ანემიის მკურნალობის რამდენიმე გავრცელებულ მიდგომას:
იმ შემთხვევაში, თუ ანემია ისეთი ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობითაა გამოწვეული, როგორიცაა რკინა, ვიტამინი B12 ან ფოლიუმის მჟავა, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ თქვენს რაციონში აღნიშნული ნუტრიენტებით მდიდარი საკვები შეიტანოთ. ამასთანავე, სპეციალისტთან ვიზიტის შედეგად შესაძლოა დაინიშნოს სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც მკურნალობის პროცესს ხელს შეუწყობს.
იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა მძიმეა, შესაძლოა სისხლის გადასხმაც კი გახდეს საჭირო. ეს მეთოდი სისხლში წითელი უჯრედების სწრაფ გაზრდასა და მთელი ორგანიზმისათვის ჟანგბადის მიწვდას უზრუნველყოფს.
ქრონიკული დაავადებებით გამოწვეული ანემიის მართვისათვის კი შესაძლოა ცხოვრების სტილის შეცვლა მოგიხდეთ.
და ბოლოს, ანემიის მკურნალობა ხშირ მონიტორინგსა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა შესაძლოა იყოს სარისკო და არაეფექტური.