ვიტილიგო არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს კანის ნაწილების დეპიგმენტაციას. ეს ხდება იმ შემთხვევაში, როცა კანის პიგმენტური უჯრედები იღუპება ან ვერ ფუნქციონირებს.
ვიტილიგოს გამომწვევი მიზეზი გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კავშირია გარკვეულ პიგმენტებთან, უცნობია. თუმცა კვლევებიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ იგი შეიძლება წარმოიშვას ავტოიმუნური, გენეტიკური და ვირუსული დაავადებებისგან, სასქესო, თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლების დისფუნქციის დროს, ვეგეტატიური ტრავმების და ნერვული სისტემის დარღვევებისას.
ვიტილიგოს ერთადერთი სიმპტომია დეპიგმენტირებული ლაქები, რომლებიც კანის სხვადასხვა უბანზე თანდათანობით ჩნდება. საწყის ეტაპზე ლაქები პატარა ზომისაა, თუმცა ისინი მიდრეკილნი არიან ზრდისა და დეფორმაციისკენ. დაავადების გაჩენასთან ერთად ლაქები უფრო შესამჩნევი ხდება ხელზე, მაჯასა და სახეზე. დეპიგმენტირებულ ადგილებს ახასიათებს მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ასევე, შემცირებულია თმის პიგმენტის რაოდენობაც.
ვიტილიგო გადამდები დაავადება არ არის.
არასეგმენტური ვიტილიგო (NSV) – ხასიათდება თეთრი ლაქებით, რომლებსაც არ აქვთ წარმოშობის სპეციფიკური არე, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე გამოჩნდეს. არასეგმენტური ვიტილიგო ხშირ შემთხვევაში სიმეტრიულ სახეს იღებს. იგი შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, განსხვავებით სეგმენტური ვიტილიგოსგან, რომელიც ბევრად უფრო გავრცელებულია თინეიჯერულ ასაკში.
სეგმენტური ვიტილიგო (SV) – ერთის მხრივ, არასეგმენტური ვიტილიგოს მსგავსია ვიზუალურად. იგი დაკავშირებულია ტერმინთან “ფოკუსირება”, რამეთუ ვითარდება შეზღუდულ არეალზე. თავდაპირველად ლაქები პატარაა, მაგრამ საბოლოოდ ისინი შეიძლება ძალიან გაიზარდოს. ასევე, იგი ვრცელდება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე არასეგმენტური ვიტილიგო. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს მანამ, სანამ მთელ სხეულზე გავრცელდება.
დიაგნოზის დასმისას ექიმი პირველ რიგში აქცენტს აკეთებს პაციენტის ისტორიაზე. მნიშვნელოვანია დადგინდეს, 2-3 თვით ადრე იმ ადგილზე სადაც თავი იჩინა ვიტილიგომ, ხომ არ ჰქონდა: გამონაყარი, მზის დამწვრობა ან სხვა ტიპის კანის ტრავმა. ასევე, უნდა გაირკვეს სტრესის ან ფიზიკური დაავადების არსებობაც. ექიმმა აუცილებელია იცოდეს ჰქონდა თუ არა პაციენტს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს ავტოიმუნური დაავადება და არის თუ არა იგი ძალიან მგრძნობიარე მზის მიმართ. შესაძლოა დაზიანებული კანის მცირე ნიმუშის ან სისხლის ანალიზის აღებაც, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.