ალოპეცია - ანდროგენული თმის ცვენა

ალოპეცია - ანდროგენული თმის ცვენა
ალოპეცია - ანდროგენული თმის ცვენა

თმის ცვენას თავიდან ან სხეულის სხვა ნებისმიერი ნაწილიდან ალოპეცია ეწოდება. 

 

ალოპეცია არის ყველაზე გავრცელებული 20 წლამდე ახალგაზრდებში, მაგრამ შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს განურჩევლად სქესისა მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური და ინდივიდუალური, რასაც წინ უძღვის პაციენტის ღრმა გამოკვლევა.

 

აღსანიშნავია, რომ თმაგაცვენილ კერაში კანი სტრუქტურულად შეუცვლელია, არ აღენიშნება აქერცვლა. ხშირად თმის ცვენა გამოხატულია წარბებისა და წამწამების არეშიც.

 

ალოპეცია შეიძლება ცალკე დაავადების სახედაც გამოვყოთ და ორ ჯგუფად დავყოთ:

  • არანაწიბუროვანი (ანდროგენული, ბუდობრივი, დიფუზური); 
  • ნაწიბუროვანი (პირველადი, მეორადი).

 

ზოგიერთ ადამიანს უვითარდება თმის ცვენის უფრო ძლიერი ფორმა, როგორიცაა:

  • სრული ალოპეცია - თავის ქალაზე თმის სრულად გაცვენა;
  • უნივერსალური ალოპეცია - თმის სრულად გაცვენა თავზეც და ტანზეც.

 

ბუდობრივი ალოპეცია

ბუდობრივი ალოპეცია არის ავტოიმუნური დაავადება. ასეთ დროს თმის ცვენა გამოხატულია მომრგვალებული ან ოვალური ფორმით. შეიძლება გავრცელდეს მთლიან თავზე და ზოგჯერ მთელ სხეულზე.

 

ანდროგენული ალოპეცია

თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ანდროგენული ალოპეცია. ეს არის  დაავადება, რომელიც ხასიათდება თავზე თმის ცვენით. უვლინდება მამაკაცების უმეტესობას და ქალების გარკვეულ პროცენტს. ძირითადი სალოკალიზაციო უბნები არის შუბლის და თხემის არეები.

 

დაავადება ჩნდება თმის ფოლიკულების (თმის ძირების) უჯრედების მომატებული მგრძნობელობით ანდროგენების მიმართ. ანდროგენები – ჰორმონების ჯგუფი, რომლებიც იწარმოება სქესობრივი ჯირკვლებით (საკვერცხეები, სათესლეები) და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქით.

 

ანდროგენული ალოპეციის სიმპტომები

ანდროგენული ალოპეციის სიმპტომებია:

 

  • პირველი ეტაპი - თმის ცვენა შუბლისა და საფეთქლების არეში;
  • მეორე ეტაპი - თმა ცვენას იწყებს გვირგვინის ადგილას.

თმის ცვენის საწყისი ეპიზოდია: ქავილი, წვა, გენეტიკური წინასწარგანწყობა, თანმხლები დაავადებები (ქრონიკული, ავტოიმუნური), კვების რეჟიმი. ამასთანავე, ალოპეცია შეიძლება იყოს სხვადასხვა სისტემური დაავადების გამოვლინება ან სინდრომი.

 

ძირითადი კლინიკური ნიშანი, რაც საერთოა მამაკაცებითვის და ქალებისთვისაც, არის ტერმინალური თმის შეცვლა უფრო თხელი, ნაკლებად პიგმენტირებული თმით. მამაკაცებში ეს პროცესი იწყება თხემ-საფეთქლის არეში თმის გათხელებით, შუბლის ხაზი ირღვევა და ხდება უფრო მაღალი. თანდათან ღრმავდება საფეთქლის ორმხრივი შემელოტების ადგილი, შემდგომ თხემის მიდამო და გვირგვინის არე. ზოგიერთ მამაკაცს ღინღლოვანი თმა თხემის მიდამოში დიდხანს უნარჩუნდება. დაავადების პროგრესის სიჩქარე დამოკიდებულია გენეტიკურ ფაქტორებზე.

 

ალპეციის გამომწვევი მიზეზები

ბუდობრივი ალოპეციის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. თუმცა დიდ როლს თამაშობს შემდეგი ფაქტორები:

  • სხვადასხვა ავტოიმუნური პროცესები
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები 
  • ფსიქოლოგიური სტრესი
  • გენეტიკური ფაქტორი
  • სხვადასხვა სახის მედიკამენტები. 

ანდროგებული ალოპეციის გამომწვევი მიზეზებია: 

  • ძირითადი მიზეზი – მემკვიდრეობითი ფაქტორი
  • ხშირი მიზეზია – სებორეული დერმატიტი
  • ამასთანავე, ადამიანები თმებს დიდ ზიანს თავად აყენებენ მუდმივი გასწორებითა და არასწორი ვარცხნილობებით. ამ ფორმის თმის ცვენას ტრაქციული ალოპეცია ეწოდება.

 

ალოპეცია ქალებში

ქალებში განვითარებულ ანდროგენულ ალოპეციას შეიძლება ახლდეს შემდეგი სიმპტომები:

  • სებორეა
  • აკნე
  • ჰირსუტიზმი (მამაკაცივით ჭარბთმიანობა)
  • ალგოდიმენორეა (მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს მწვავე სპაზმები).

 

ქალბატონებში ალოპეცია შესაძლოა გამოიწვიოს:

  • თირკმელზედა ჯირკვლის და საკვერცხეების ფუნქციის მოშლამ
  • მშობიარობის შემდეგ ესტროგენების დონის კლებამ
  • კონტრაცეპტივების ხანგრძლივმა მიღებამ.

 

ალოპეციის მკურნალობა

ალოპეციათა უმრავლეს შემთხვევაში მკურნალობის შედეგად თმა რამდენიმე თვის განმავლობაში გაიზრდება. თავდაპირველად, თმა შეიძლება ამოვიდეს თხელი და თეთრი, მაგრამ დროთა განმავლობაში გამაგრდება და დაიბრუნებს ბუნებრივ ფერსა და ფორმას.

 

ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვანია.