ეგზემა

ეგზემა

 

ეგზემა  ფართოდ გავრცელებული, კანის ანთებითი ქრონიკული დაავადებაა. ჩვეულებრივ ჩნდება სახეზე, ხელებსა და ფეხებზე, მაგრამ ანთებითი პროცესი შესაძლოა გავრცელდეს კანის სხვა მონაკვეთებშიც. გადამდები არ არის. ახასიათებს ქავილი, გამონაყარი, სისველე, მდგომარეობის პერიოდული გამწვავება და გაუმჯობესება. დაავადების სახელწოდება გამომდინარეობს სიტყვა ekzeo-დან და “დუღილს” ნიშნავს, რაც ასახავს ეგზემის ბუშტუკების გასკდომის თავისებურებას. 

 

ეგზემის სახეები

არსებობს დაავადების ორი ფორმა: მწვავე და ქრონიკული.

გამოყოფენ ეგზემის ისეთ სახეობებს, როგორიცაა:

  • იდიოპათიური (ჭეშმარიტი) ფორმა. მას ახასიათებს დაავადების მწვავე დასაწყისი. დაზიანება გამოირჩევა სიმეტრიით (უმეტეს შემთხვევაში ზიანდება ხელები, მაგრამ ლოკალიზაცია შეიძლება იყოს ნებისმიერ უბანზე), შეიმჩნევა კანის სიწითლე, რომლის ფონზე ჩნდება ბუშტუკები (ვეზიკულები), კვანძები (პაპულები), კანის შეშუპება. გარკვეული დროის შემდეგ ეს ბუშტუკები სკდება და მის ადგილას წარმოიქმნება კანის დეფექტი -ეროზია და ხდება სეროზული შიგთავსის გამოყოფა, რომელიც შემდგომ ხმება და ჩნდება ქერქი;
  • მიკრობული ეგზემა. ჩნდება ქრონიკული ინფექციური კერის ადგილას, სხვა ინფექციის შეჭრის დროს;
  • პარატრავმატული ფორმა. გამონაყარი ჩნდება ტრავმის ადგილას;
  • ვარიკოზული ფორმა. ჩნდება ატროფიული დარღვევების დროს. უმეტეს შემთხვევაში გავრცელების კერები გვხდება მუხლებზე, გამონაყარი არის ასიმეტრიული, ფერი - მოლურჯო-იისფერი;
  • ნუმულარული ფორმა. წარმოიქმნება გამონაყარი მოლურჯო-მოვარდისფრო ფერის, პაპულებით, ვეზიკულებით, გამონაყარის დიამეტრი შეადგენს 0,5 - 3 სმ;
  • დისჰიდროზული ეგზემა. ლოკალიზაცია – ფეხის გულები, ხელის გულები. ეს სახეობა ხასიათდება სისველით, შეშუპებით, ბუშტუკებით და კვანძებით;
  • სებორეული ეგზემა. უჩნდებათ სებორეით დაავადებულ ადამიანებს კანის ისეთ ადგილებზე, სადაც ხდება ცხიმის დიდი რაოდენობით გამოყოფა (ყურის ნიჟარები, თავის თმიანი ადგილები, გულმკერდის არე, ჭიპი), ამ დროს კანის საფარის გაწითლების ფონზე ჩნდება აქერცლილი ლაქები.
  • პროფესიული ეგზემა. უმეტეს წილად ჩნდება კანის ღია ადგილებზე, როგორც რეაქცია მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე, ავადმყოფის საქმიანობის სფეროდან გამომდინარე;
  • ბავშვთა ეგზემა. ხასიათდება გამოკვეთილი ექსუდაციური კომპონენტებით, მრავლობითი გამონაყარით, ზიანდება მხოლოდ სახის კანი. არსებობს ინფექციით გამოწვეული გართულების საფრთხე.

 

ეგზემის სიმპტომები და მახასიათებლები:

ყველა ტიპის ეგზემას ახასიათებს საერთო ნიშნები, როგორებიცაა:

  • კანზე ჩნდება განსაზღვრული ანთებითი მონაკვეთი, რომელიც ხასიათდება კანის სიწითლით;
  • ანთებით მონაკვეთზე ჩნდება გამონაყარი, რომელიც ეგზემის სახეობიდან გამომდინარე შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი;
  • ახასიათებს კანის მუდმივი ქავილი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ძილზე;
  • ბუშტუკების გასკდომის ადგილზე ჩნდება მტკივნეული იარები და ნახეთქები;
  • ეგზემის გამწვავების პერიოდში აღინიშნება ტემპერატურის მატება;
  • ანთებითი პროცესის ჩაცხრომის შემდეგ კანი ხდება მშრალი, კარგავს ელასტიკურობას და იწყებს სკდომას.

 

 

დიაგნოსტიკა

ეგზემის დიაგნოზის დასმა ხდება ექიმი-დერმატოლოგის მიერ ჩატარებული დათვალიერების შედეგად. თუ ექიმს უჩნდება ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს სხვა დაავადება მსგავსი მახასიათებლებით (მაგ: კანის სოკოვანი დაავადება, ფსორიაზი, მუნი და სხვა), მაშინ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კვლევის დამატებითი მეთოდები.